დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, Apple თავის ყოველწლიურ კონფერენციას, WWDC 2026-ს ხსნის. ტექნოლოგიური გიგანტი წელს განსაკუთრებულ აქცენტს ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს, რაც Siri-ს ფუნქციონალის რადიკალურ გადახედვას გულისხმობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე Siri-ს გარდაქმნაა. არსებული ინფორმაციით, ასისტენტი გახდება ბევრად უფრო კონტექსტური და საუბრის რეჟიმში მომუშავე. Apple-ი ამ მიზნით Google-ის Gemini ტექნოლოგიას იყენებს, რაც საშუალებას მისცემს Siri-ს, შეასრულოს რთული, მრავალსაფეხურიანი დავალებები სხვადასხვა აპლიკაციაში.

Siri და დამოუკიდებელი AI აპლიკაცია

გავრცელებული ცნობებით, Apple-ი ქმნის Siri-ს დამოუკიდებელ აპლიკაციას, რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ChatGPT-სა და Claude-ს. ასევე იგეგმება კონფიდენციალურობის ახალი ფუნქცია: მომხმარებლებს შეეძლებათ, საუბრების ავტომატური წაშლის დრო განსაზღვრონ.

ინტეგრაცია App Store-თან

Apple გეგმავს, App Store-ში AI აგენტები დანერგოს. ეს ინსტრუმენტები მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ავტომატურად დაჯავშნოს რესტორნები, მართოს სმარტ-სახლი ან განახორციელოს დოკუმენტების რედაქტირება მინიმალური ჩარევით.

Visual Intelligence და Photos

კამერის აპლიკაციაში ჩნდება „Visual Intelligence“-ის ახალი განყოფილება. ის ჩაანაცვლებს არსებულ ღილაკს და მომხმარებელს Google Image Search-ის მეშვეობით ობიექტების ამოცნობაში დაეხმარება. თავად ფოტო-აპლიკაცია კი Apple Intelligence-ის მეშვეობით მიიღებს ფუნქციებს, როგორებიცაა ობიექტების ავტომატური წაშლა და ფოტოების რედაქტირება ბუნებრივი ენის გამოყენებით.

Image Playground და Wallet

Apple აუმჯობესებს Image Playground-ს, რაც სურათების გენერაციას უფრო ხარისხიანს და მარტივს გახდის. ასევე მოსალოდნელია „Genmoji“-ს გამოჩენა, რომელიც პერსონალიზებულ ემოჯებს შექმნის.

Wallet აპლიკაცია კი გაამარტივებს ხარჯების გაყოფას მეგობრებს შორის. მომხმარებლებს შეეძლებათ, ქვითრის ფოტოს გადაღებით ავტომატურად გააგზავნონ გადახდის მოთხოვნები. ამასთან, დაემატება ციფრული ბილეთებისა და საშვების შექმნის ფუნქცია.