კრიპტოვალუტის ბირჟა OKX ევროპულ ბაზარზე თავისი სერვისების გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ე.წ. X-Perps მარკეტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ივაჭროთ აშშ-ის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მიბმული ფიუჩერსებით.
ახალი პროდუქტები მოიცავს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ კორპორაციებს, რომლებიც „Magnificent 7“-ის სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ S&P 500-სა და Nasdaq-100-ის ინდექსებზე დაფუძნებული კონტრაქტებით (SPY და QQQ ინსტრუმენტების მეშვეობით).
OKX-ის განცხადებით, X-Perps-ის ხაზი მომხმარებლებს ოქროს, ვერცხლისა და ნავთობის ფასებზე წვდომასაც სთავაზობს. პლატფორმა იძლევა 10-ჯერადი ლევერიჯის (ბერკეტის) გამოყენების საშუალებას, რაც კრიპტოაქტივების მარგინალურ აუზს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერებს შეუძლიათ ერთიანი ანგარიშიდან მართონ როგორც ციფრული ვალუტები, ისე ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები.
X-Perps სერვისი აპრილში ჩაეშვა და თავდაპირველად მხოლოდ კრიპტოვალუტებს, მათ შორის Bitcoin (BTC), Ether (ETH), Solana (SOL) და XRP-ს მოიცავდა. ახლა კი ბირჟა კიდევ უფრო აფართოებს ფუნქციონალს, რათა დააკმაყოფილოს ევროპელი ინვესტორების მოთხოვნა, რომლებიც აქამდე მსგავსი სერვისებისთვის ოფშორულ პლატფორმებს იყენებდნენ.
OKX Europe-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერალდ გჰუსის განცხადებით, 1 მაისის შემდეგ ევროპაში X-Perps-ის სავაჭრო მოცულობა 447%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებულია იმ მომხმარებლებით, რომლებიც მანამდე აშშ-ის აქციებზე მიბმულ დერივატივებით ვაჭრობას არარეგულირებულ პლატფორმებზე ახორციელებდნენ.
ამჟამად ევროპელი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან კრიპტოპლატფორმებზე ფინანსური ინსტრუმენტების ინტეგრაციას. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანო (ESMA) აფრთხილებს მოთამაშეებს, რომ ლევერიჯირებული კრიპტო-დერივატივები შესაძლოა დაექვემდებაროს CFD-ების (კონტრაქტი ფასთა სხვაობაზე) არსებულ რეგულაციებს, რაც გულისხმობს ლიმიტებს რისკებზე და დაცვის მექანიზმებს.
ცვლილებები ხორციელდება 2026 წლის 1 ივლისისთვის დაგეგმილი MiCA-ს (კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულირება) სრული იმპლემენტაციის ფონზე. ამ ვადის შემდეგ, ის კომპანიები, რომლებიც ვერ მიიღებენ შესაბამის ავტორიზაციას, ვალდებულნი იქნებიან, შეწყვიტონ ევროპელი კლიენტების მომსახურება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.