BBC-ის ცნობილი წამყვანი ტონი ლაივსი დროებით წყვეტს მუშაობას რადიო 5 Live-ზე. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „The Times“-ის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, მისი ყოფილი კოლეგის, მილიარდერი ბიზნესმენისა და „ვესტ ჰემის“ თანამფლობელის, დევიდ სალივანის მიმართ მძიმე ბრალდებები გაჟღერდა.
სალივანს შვიდი ქალი სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრალდებები ათწლეულებს მოიცავს და ეხება პერიოდს, როდესაც ქალები, როგორც ახალგაზრდა მოდელები, სალივანის საგამომცემლო სახლში – Sport Newspapers-ში მუშაობას ცდილობდნენ.
გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ 1999 წელს სწორედ ლაივსიმ მოუწყო მას შეხვედრა სალივანთან. თავად წამყვანი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ლაივსის თქმით, მას არანაირი მოგონება არ აქვს მსგავსი შეხვედრის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს მისი სამსახურებრივი მოვალეობა არ ყოფილა.
„მე არანაირი როლი არ მითამაშია ამ სცენარში და თავად ბრალდებას ამაზრზენად მივიჩნევ“, - განაცხადა ლაივსიმ. მან ასევე დასძინა, რომ თანაუგრძნობს ქალებს, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოდელებთან პრაქტიკულად არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
სკანდალი ასევე ეხება „Sport Newspapers“-ში არსებულ რუბრიკას „Countdown to 16“. გამოცემა მკითხველს სთავაზობდა ფოტოებს არასრულწლოვანი გოგონების შესახებ, რომელთა თამახლესი ფოტოებიც 16 წლის იუბილეზე ქვეყნდებოდა. ლაივსიმ, რომელმაც ადრეულ წლებში წიგნი დაწერა საკუთარ კარიერაზე, თავდაპირველად მიანიშნა, რომ ეს რუბრიკა მან და სალივანმა გამოიგონეს. ახლა კი ის აცხადებს, რომ ეს ნაწილი წიგნში „მხატვრული ლიტერატურაა“ და სინამდვილეში ეს მისი იდეა არ ყოფილა.
BBC-ის წარმომადგენლის განცხადებით, კორპორაცია სერიოზულად ეკიდება გამოძიების ფარგლებში გაჟღერებულ ინფორმაციას. თავად დევიდ სალივანი ყველა ბრალდებას უარყოფს და გამოძიებას „ფუნდამენტურად უსამართლოს“ უწოდებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.