ამერიკელთა 51% მიიჩნევს, რომ „ამერიკული ოცნება“ დღევანდელ რეალობაში უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. CNBC-ისა და SurveyMonkey-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, რომელიც 4 130 რესპონდენტს მოიცავს, მოსახლეობის განწყობა წლიდან წლამდე უარესდება.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 45% ფიქრობს, რომ ეს მიზანი მხოლოდ რჩეულებისთვისაა რეალისტური, ხოლო 6% საერთოდ გამორიცხავს მის მიღწევას. ოპტიმიზმის კლება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორებს.

ინტერაქტიული გრაფიკა

გამოკითხულთა 80% მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებას ასახელებს. პრობლემების ჩამონათვალში ასევე ლიდერობს უძრავი ქონების ფასები, ჯანდაცვის ხარჯები და დაბალი ხელფასები. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 2022 წლის პიკთან შედარებით შემცირდა, ფასები საწვავზე, საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე კვლავ მაღალი რჩება.

ინტერაქტიული გრაფიკა
ინტერაქტიული გრაფიკა

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის, ელიზაბეტ სუჰეის თქმით, საზოგადოება აღარ აღიქვამს ეკონომიკას მერიტოკრატიულად, სადაც შრომისმოყვარეობა გარანტირებულ წარმატებას ნიშნავს. „ამერიკული ოცნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებ და რა ღირს ცხოვრება“, — აღნიშნავს ექსპერტი.

ინტერაქტიული გრაფიკა

კვლევის თანახმად, „ამერიკული ოცნების“ დეფინიცია ინდივიდუალურია, თუმცა 72% თანხმდება, რომ მთავარი კომპონენტი ფინანსური სტაბილურობაა. მას მოსდევს საკუთარი სახლი (58%), ბედნიერება (54%) და ინტერესების თავისუფლად რეალიზების შესაძლებლობა (51%).

ეკონომიკური განწყობები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვითაც განსხვავდება. რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 70% თვლის, რომ ოცნება მიღწევადია, მაშინ როცა დემოკრატების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26%-ია. განსხვავებულია ხედვა წარმატების მიზეზებზეც: რესპონდენტთა ნაწილი აქცენტს შრომაზე აკეთებს, ნაწილი კი — იღბალზე.

საინტერესოა გენდერული და თაობათაშორისი სხვაობებიც. მაგალითად, Gen Z-ის მამაკაცები ოცნების განუყოფელ ნაწილად ქორწინებასა და შვილების ყოლას მიიჩნევენ, ხოლო ქალები პრიორიტეტს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და კარიერულ ზრდას ანიჭებენ.

მიუხედავად ნეგატიური ტენდენციებისა, გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ უკვე მიაღწია თავის „ამერიკულ ოცნებას“. მათ, ვინც ჯერ არ მიუღწევია, 55% კვლავ იმედიანად უყურებს საკუთარ მომავალს.