ნარენდრა მოდის მმართველობის მე-12 წელს, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი ეკონომიკა გლობალური ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს, ეკონომიკური გარემო შესამჩნევად დამძიმდა.

Oxford Economics-ის მთავარი ეკონომისტის, ალექსანდრა ჰერმან პრასადის განცხადებით, ინდოეთი აღარ წარმოადგენს იმ „ერთმნიშვნელოვან ზრდის ისტორიას“, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. ქვეყანა ებრძვის დასუსტებულ მოხმარებას, მყიფე საინვესტიციო განწყობას, ენერგიის მაღალ ფასებსა და გლობალური კაპიტალის სელექციურ მიდგომას.

სტატისტიკა შთამბეჭდავია: უცხოურმა პორტფელურმა ინვესტორებმა მიმდინარე წელს 29.5 მილიარდი დოლარის ინდური აქციები გაყიდეს. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 18.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) კუთხითაც ვითარება გართულდა — მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა კაპიტალმა 90 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რეპატრიაციისა და ადგილობრივი კომპანიების საზღვარგარეთული ინვესტიციების ზრდის გამო, წმინდა FDI თითქმის ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა.

სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ინდოეთი ნავთობზე მოთხოვნის 85%-ზე მეტს იმპორტით აკმაყოფილებს. რუბიას გაუფასურება და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან მომდინარეობს, ინდოეთისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ინდოეთის სარეზერვო ბანკმა უკვე გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ის 6.9%-დან 6.6%-მდე შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი 5.1%-მდე გაზარდა.

რეფორმების შენელებული ტემპი

CSIS-ის მონაცემებით, მოდის მესამე ვადის დაწყებიდან ორ წელიწადში, 30 დაგეგმილი რეფორმიდან მხოლოდ ორი განხორციელდა. ეს ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პრემიერ-მინისტრის პირველი და მეორე ვადის მონაცემებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიწის საკუთრების, სასამართლო დავებისა და შრომის რეგულაციების კუთხით პროგრესი მინიმალურია.

მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები ინვესტორების მოსაზიდად, მათ შორის უცხოელებისთვის ობლიგაციების ბაზარზე კაპიტალის მოგების გადასახადის გაუქმებით. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს ზომები საკმარისი არ არის სტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად.

ხელოვნური ინტელექტის გამოწვევა

ინდოეთი, როგორც IT სერვისების გლობალური ჰაბი, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების გამო ახალი საფრთხის წინაშეა. Bernstein-ის ანალიტიკოსების გაფრთხილებით, ქვეყანამ „გამოტოვა AI-ის მატარებელი“ და რისკის ქვეშაა დარჩეს მხოლოდ „მუდმივ მომხმარებლად“, რადგან არ ფლობს საკუთარ AI მოდელებს. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შესაბამისად, შიდა მოხმარებას.