კოსმოსური რბოლა ახალ მიმართულებას იძენს. ყურადღების ცენტრში აღარ არის მხოლოდ სატელიტური კავშირგაბმულობა ან რაკეტების გაშვება — გლობალური ფარმაცევტული გიგანტები წარმოების პროცესს დედამიწის დაბალ ორბიტაზე გადატანას გეგმავენ.
უწონადობის პირობებში შესაძლებელი ხდება ისეთი რთული ქიმიური პროცესების განხორციელება, რაც დედამიწაზე გრავიტაციის გამო შეზღუდულია. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ მედიცინა იქნება ის სექტორი, რომელიც კოსმოსური ტექნოლოგიებით ყველაზე სწრაფად მიიღებს სარგებელს.
SpaceMD-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ველინგერის თქმით, კომპანია მიზნად ისახავს იმ პოტენციური მედიკამენტების „გაცოცხლებას“, რომლებიც დედამიწაზე კრისტალიზაციის პრობლემებისა თუ არასტაბილურობის გამო წარუმატებლად ითვლებოდა.
რატომ ვწარმოებთ წამლებს კოსმოსში?
დედამიწაზე ფარმაცევტული პრეპარატების ფორმულირებას გრავიტაცია აფერხებს. კონვექციისა და დანალექი პროცესების გამო, მოლეკულური სტრუქტურები ხშირად არათანაბარია. კოსმოსში, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს, მეცნიერებს შეუძლიათ გაზარდონ უფრო ერთგვაროვანი და მაღალი ხარისხის კრისტალები.
ნოტინგემის უნივერსიტეტის ბიოფიზიკის პროფესორის, ფილ უილიამსის განმარტებით, როდესაც მოლეკულები ერთგვაროვანია, მათი პაციენტისთვის მიწოდება გაცილებით მარტივია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რთული თერაპიები გადაკეთდეს თხევად, უმტკივნეულო ინექციებად, რაც პაციენტებისთვის საავადმყოფოში ხანგრძლივი ინფუზიების აუცილებლობას ხსნის.
წარმატებული მაგალითები და მომავალი
ამ მიმართულებით პიონერად კომპანია Merck ითვლება. 2014 წელს მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩაატარეს ექსპერიმენტები კიბოს სამკურნალო პრეპარატ „Keytruda“-ზე. შედეგად მიღებულმა მონაცემებმა კომპანიას საშუალება მისცა, დედამიწაზე შეექმნა პრეპარატის ისეთი ფორმა, რომლის მიღებაც პაციენტებს სახლის პირობებში შეუძლიათ. FDA-მ აღნიშნული მეთოდი 2025 წელს დაამტკიცა.
ამჟამად Varda Space Industries-ი ავტონომიურ საწარმოო სატელიტებს ავითარებს, რომლებიც კოსმოსში წამლების უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს. მათი თქმით, ფარმაცევტული ინგრედიენტების კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ მცირე ტვირთსაც კი შეუძლია მილიონობით პაციენტისთვის საჭირო დოზის უზრუნველყოფა.
მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, სექტორი ვითარდება. ველინგერის თქმით, კომპანიები უკვე ტოვებენ სამთავრობო ლაბორატორიებს და კერძო კოსმოსურ პლატფორმებთან თანამშრომლობაზე გადადიან, რაც კომერციალიზაციის პროცესს დააჩქარებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.