პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში „SaaS-აპოკალიფსის“ დასრულების მოლოდინი გაჩნდა. ინვესტორთა ყურადღება მთლიანად Salesforce-ის ფინანსური შედეგებისკენ არის მიმართული, რომელსაც კომპანია ოთხშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს. ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ანგარიში განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ტექნოლოგიური აქციების აღმასვლა.

ოპტიმიზმი ოფციონების ბაზარზე

iShares Expanded Tech-Software Sector ETF-ის (IGV) მონაცემები ცხადყოფს, რომ მოვაჭრეები ბაზრის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მიმდინარე თვეში, განსაკუთრებით კი სამშაბათს, „ქოლ“ (call) ოფციონების მოცულობა ორჯერ აღემატებოდა „პუტ“ (put) ოფციონებისას. ეს მკვეთრად განსხვავდება ნახევარგამტარების სექტორისგან, სადაც, პირიქით, პუტ-ოპციონების ჭარბი რაოდენობა ფიქსირდება.

SpotGamma-ს მონაცემებით, Salesforce-ის აქციებზე ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიურია. კომპანიის აქციებთან დაკავშირებული პრემიების 61% სწორედ „ქოლ“ კონტრაქტებზე მოდის. სამშაბათს 10 600-ზე მეტი „ქოლ“ ოფციონი შეიძინეს, მაშინ როცა „პუტ“ კონტრაქტების რაოდენობა მხოლოდ 4 100-ს შეადგენდა.

რატომ არის ეს ანგარიში კრიტიკული?

Salesforce-ი პროგრამული უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. კომპანიის აქციები აპრილის მინიმუმთან შედარებით უკვე 25%-ით არის გაზრდილი, რაც ტექნიკურად „ხარის ბაზრის“ (bull market) დაწყებაზე მიუთითებს. თუმცა, კომპანია ჯერ კიდევ 50%-ით ჩამორჩება თავის ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 18 თვის წინ დაფიქსირდა.

ინვესტორები Salesforce-ის აქციების ფასის მნიშვნელოვან ცვლილებას ელიან. ბაზარზე არსებული ვოლატილობის მოლოდინი 7,8%-იან რყევას ითვალისწინებს, რაც ორჯერ აღემატება გასული ოთხი კვარტლის რეალურ მაჩვენებლებს.

ერთ-ერთმა მსხვილმა მოვაჭრემ დიდი რისკიც გასწია: 650 000 დოლარი დაიხარჯა 195-დოლარიანი „ქოლ“ ოფციონების შესაძენად, რომელთა ვადა პარასკევს იწურება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი უახლოეს დღეებში აქციის ფასის დაახლოებით 10%-იან ზრდას ელის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გარიგება ივნისის შუა რიცხვებზეა გათვლილი, მოკლევადიანი მოლოდინები უკიდურესად მაღალია. ბაზარი ყურადღებით აკვირდება, შეძლებს თუ არა Salesforce გაამართლოს ეს მოლოდინები და დაამტკიცოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სექტორმა კრიზისი საბოლოოდ დაძლია.