ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ტექნოლოგიური სექტორი აქამდე არნახულ სიმაღლეებამდე აიყვანა, თუმცა დღეს ინვესტორების საყვარელი სტრატეგია მოულოდნელად საპირისპიროდ მუშაობს. ჩიპების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც VanEck Semiconductor ETF-ში (SMH) არიან გაერთიანებული, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად უფასურდებიან.
ETF-ის ღირებულება გასულ კვირას დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს უკვე 10%-ზე მეტით ჩამოსცდა. ოპციების ბაზარზე აქტივობა მკვეთრად შეიცვალა: ტრეიდერები ფსონს არა ზრდაზე, არამედ კიდევ უფრო მეტ ვარდნაზე დებენ.
ThinkOrSwim-ის მონაცემებით, სამშაბათს შუადღისთვის ე.წ. „put“ ოპციების (ვარდნაზე გათვლილი კონტრაქტები) მოცულობამ „call“ ოპციებს (ზრდაზე გათვლილი) ოთხჯერ გადააჭარბა. SpotGamma-ს ცნობით, SMH-ის გარშემო გაცვლილი 350 მილიონი დოლარის პრემიიდან 260 მილიონი სწორედ ვარდნის მოლოდინს უკავშირდება.
რატომ შემობრუნდა ბაზარი?
ექსპერტების შეფასებით, ეს სურათი მკვეთრი ცვლილებაა იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც აქამდე აქტიურად ყიდულობდნენ ხელოვნური ინტელექტის ბუმთან დაკავშირებულ აპარატურულ აქციებს. თუმცა, ბაზრის დამკვირვებლები აფრთხილებენ, რომ გაყიდვების ტალღა შესაძლოა ხანგრძლივი იყოს.
„პარასკევს დაწყებული გაყიდვები არ იყო შემთხვევითი მოვლენა. SMH-ის პუტ-ოპციების მყიდველები ბაზრის შემქმნელებს აიძულებენ, გაყიდონ Nasdaq-ის ფიუჩერსები, რაც ქმნის ნეგატიურ უკუკავშირს და კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფონდების მენეჯერებს პანიკა ეუფლებათ“, - აცხადებს TheoTrade-ის თანადამფუძნებელი დონ კაუფმანი.
პესიმისტური განწყობა მხოლოდ ნახევარგამტარების სექტორს არ შეხებია. Nasdaq 100-ის ინდექსზე დაფუძნებულ Invesco QQQ ETF-შიც მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება. სამშაბათს QQQ-ის ოპციებში გატარებული 3.7 მილიარდი დოლარიდან 2.5 მილიარდი ვარდნაზე გათვლილ კონტრაქტებზე მოდიოდა.
სექტორში არსებული არასტაბილურობა შეეხო Roundhill Memory ETF-საც (DRAM), რომელიც აქამდე შედარებით გაწონასწორებული იყო. სამშაბათს ტრეიდერებმა 24 000-ზე მეტი „put“ კონტრაქტი შეიძინეს, მაშინ როცა „call“ ოპციების რაოდენობა 15 000-ს ქვემოთ დარჩა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.