Super Micro Computer-ის აქციების ღირებულება 9%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ახალი ფინანსური სტრატეგია გამოაცხადა. სერვერების მწარმოებელი გიგანტი 7 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს, რათა დაფაროს აუცილებელი ტექნიკური კომპონენტების შესყიდვის ხარჯები.

კომპანიის განცხადებით, დაფინანსების მექანიზმი მოიცავს 5 მილიარდი დოლარის ოდენობის გარანტირებულ აქციების ემისიას და 2 მილიარდი დოლარის ღია ბაზრის შეთავაზებას. პროცესი ივლისში დაიწყება, რომელშიც ფინანსურ პარტნიორებად JPMorgan Chase, Goldman Sachs და Citigroup არიან ჩართულნი.

ინვესტორები მსგავს სიახლეებს ხშირად უარყოფითად ხვდებიან. მიზეზი მარტივია: არსებული აქციონერების წილის ღირებულება შესაძლოა გაიზავოს, რაც აქციების ფასზე ზეწოლას ახდენს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ამ ნაბიჯამდე, Super Micro-ს აქციები 39%-ით იყო გაზრდილი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჩარლზ ლიანგის თქმით, ხარჯების ზრდა გარდაუვალია. მაისში გამართულ შეხვედრაზე მან ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მხოლოდ მეხსიერების კომპონენტების ფასები სამჯერ გაიზარდა.

მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, Super Micro ხელოვნური ინტელექტის ბუმის ეპიცენტრში რჩება. კომპანიამ დაადასტურა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მიიღო 39 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთა AI სერვერებზე 20-ზე მეტი კლიენტისგან. ეს მოთხოვნა პირდაპირ აისახა ფინანსურ შედეგებზეც: მარტის კვარტალში შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ზე მეტით გაიზარდა.

Super Micro არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც კაპიტალის ბაზრებზე აქტიურობს. Alphabet-მა, რომელიც Anthropic-ის მსგავსი სტარტაპებისთვის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, ცოტა ხნის წინ 85 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვის გეგმა დააანონსა, რაც Berkshire Hathaway-ის 10 მილიარდიან ინვესტიციასაც მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ მარტში კომპანია სკანდალშიც გაეხვა. თანადამფუძნებელმა დატოვა დირექტორთა საბჭო მას შემდეგ, რაც ფედერალური ბრალდების საფუძველზე მის წინააღმდეგ Nvidia-ს ჩიპების ჩინეთში კონტრაბანდულად გატანის მცდელობა გამოიკვეთა.