აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევეს, ბაქოში დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე ადასტურებს.

სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა. მისი თქმით, ჟურნალისტი სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს, თუმცა დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ. მოგვიანებით, რაიონულმა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

„იმავე საქმეზე დააკავეს“

ადვოკატის განცხადებით, სადიგოვის წინააღმდეგ დევნა განახლდა იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანული მხარე მანამდე მისი ექსტრადიციას ითხოვდა. გასაკვირია, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე გამოძიება შეწყვეტილი იყო.

„ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე. ადვოკატის შეფასებით, ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობაც იკვეთება.

ჟურნალისტი მანამდეც არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ, თუმცა მაშინ ამას „ტექნიკურ ხარვეზებს“ და ბაზებში მონაცემების განახლების აუცილებლობას უწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს სადიგოვმა სცადა ქვეყნის დატოვება, თუმცა ბაქოს აეროპორტში მას ამის ნება არ დართეს. აკრძალვა, როგორც მან განაცხადა, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო დაწესებული.

სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია

აფგან სადიგოვი საქართველოში საექსტრადიციო მიზნით 2024 წლის აგვისტოდან პატიმრობაში იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში არ უნდა გაეყვანათ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საქმეზე დევნა შეწყვიტა, რის გამოც საექსტრადიციო პროცედურებიც გაუქმდა. უწყების განმარტებით, სადიგოვის გაძევება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ გამო მოხდა. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფა ქვეყნისთვის სერიოზულ საერთაშორისო პასუხისმგებლობას ქმნის.