აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში ციტრუსისა და მოცვის ექსპორტი 2026 წელს გაიზრდება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ბადრა გუნბამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების მოცულობის ყოველწლიურ ზრდას გეგმავს.
გუნბას განცხადებით, აფხაზური მანდარინი რუსულ ბაზარზე ცნობილი ბრენდია. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად კონკურენციისა, აფხაზური პროდუქციის ხარისხი უნიკალურია. მისივე თქმით, ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ჩინური, ესპანური ან თურქული წარმოშობის ციტრუსი აფხაზური მანდარინის სახელით იყიდება.
გასულ ზამთრის სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 34 ათასი ტონა მანდარინი შევიდა. დე ფაქტო ლიდერის თქმით, ექსპორტის მაჩვენებელი მომავალშიც სტაბილურად გაიზრდება.
გარდა ციტრუსისა, აქცენტი ახალ კულტურებზე გადადის. ბადრა გუნბას განცხადებით, რუსეთში აფხაზური მოცვის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მან აღნიშნა, რომ ეს მიმართულება „სერიოზულ ბრუნვას“ კრეფს და რესპუბლიკა მიმდინარე წელს მოცვის ექსპორტის რამდენჯერმე გაზრდას გეგმავს.
„აფხაზური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პრაქტიკულად მთელი რუსეთის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. ტრადიციულად ეს ციტრუსია, თუმცა ახლა უკვე ახალი კულტურები ჩნდება, რომლებიც რუსი მომხმარებლისთვის მიმზიდველია“, - განაცხადა გუნბამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.