რუსეთის შეჭრა უკრაინაში მისთვის სტრატეგიულ მარცხად იქცა, ხოლო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული. ამის შესახებ გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა დან ნეგრეამ განაცხადა.
ნეგრეას თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე დასახულ მიზნებს ვერ აღწევს, ესკალაციის გაღრმავება კი მხოლოდ კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. მისი განცხადებით, ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
„ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. საკმარისია უკვე,“ - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია და გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ნეგრეამ კონკრეტულად დაასახელა ირანი და კუბა. კერძოდ, მან ისაუბრა ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე, ხოლო კუბა დაადანაშაულა ათასობით დაქირავებული მებრძოლის რუსეთის მხარეს ბრძოლაში ხელშეწყობაზე.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან და მდგრად შეთანხმებას. მისი თქმით, ომი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელია და ისინი ორივე მხარეს აქტიურად მოუწოდებენ დიპლომატიური გზების ძიებისკენ, რათა რეგიონში სტაბილურობა აღდგეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.