აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა. როგორც „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აშშ-თან ურთიერთობებს „დაალაგებდნენ“, კონგრესის მხრიდან მძიმე დარტყმით დასრულდა.
წარმომადგენელთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო აქტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის უწყებებს ავალებს, მოამზადონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სამსახურების შეღწევის შესახებ. გეგელიას თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას უსაფრთხოების რისკების წყაროდ აღიქვამენ.
აღსანიშნავია, რომ კონგრესმა „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა ერთობლივად წარადგინეს, რაც ამ საკითხის მიმართ ამერიკელი კანონმდებლების ერთიანობას უსვამს ხაზს.
„ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
კანონმდებლობა ავალდებულებს აშშ-ის ადმინისტრაციას, შეიმუშაოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია. დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ გაწეული დაფინანსების, ასევე სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების სრულ გადახედვას. მსგავსი ჩანაწერი უკვე გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც, რაც კანონპროექტის ძალაში შესვლის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
გეგელიამ ყურადღება გაამახვილა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან მასტის განცხადებაზეც, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის მონაწილეობას აკრიტიკებს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ანაკლიასა და შუა დერეფანს რეგიონული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ნაწილად მიიჩნევს და ჩინური გავლენების გაძლიერებას საფრთხედ აღიქვამს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.