აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი H.R. 7668 ვაშინგტონის შეშფოთებას გამოხატავს თბილისის საგარეო კურსის ცვლილებისა და ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან დაახლოების გამო.

დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული წესით, პარტიული კონსენსუსის საფუძველზე მიიღო. ამჟამად კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეგზავნება.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს — სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელსა და თავდაცვის მდივანს — მკაცრი ვალდებულება დაეკისრებათ. მათ 180 დღის ვადაში უნდა მოამზადონ გასაიდუმლოებული მოხსენება, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების გავლენას, მათი შეღწევის მასშტაბებსა და შესაძლო კოორდინაციას შეისწავლის.

საქართველო აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

პარალელურად, ანალოგიური შინაარსის ჩანაწერი უკვე ასახულია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც (NDAA). აღნიშნული დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი ასევე საჭიროებს სენატის საბოლოო თანხმობას. ორივე დოკუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოები საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადაფასებას და უსაფრთხოების რისკების კუთხით მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავენ.

ვაშინგტონის ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან. აშშ-ის კონგრესი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთის მზარდ აქტიურობაზე, რაც, კანონმდებლების შეფასებით, პირდაპირ აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორზე.