მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ბალაშიხაში, 9 ივნისის დილას, ავტომობილის აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით დილის 05:30 საათზე, ავიატორის მიკრორაიონში მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქება ავტომობილში დაყენებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა. ოფიციალურ უწყებებს გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.
ვინ არის დაღუპული?
მიუხედავად ოფიციალური დუმილისა, Telegram-არხები, მათ შორის ВЧК.ОГПУ და „დვა მაიორა“, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტია. უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარი და სხვა არხები პირდაპირ ასახელებენ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს უფროსს, დამირ დავიდოვს.
გამოცემა „აგენტსტვოს“ ცნობით, დავიდოვი იმ შენობიდან 200 მეტრში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა. „ვაჟნიე ისტორიის“ ინფორმაციით, აფეთქებული BMW X3 დავიდოვის ვაჟის, 20 წლის რაფაილის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ფიქსირდებოდა.
შემთხვევის დეტალები
თვითმხილველებზე დაყრდნობით, Mash იუწყება, რომ მძღოლმა მანქანის ძრავა ჩართო, რასაც მყისიერი აფეთქება მოჰყვა. მოწყობილობა, სავარაუდოდ, ავტომობილის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და გაჩერებულ Haval-ს შეეჯახა.
აღსანიშნავია, რომ ავიატორის მიკრორაიონი სამხედრო მაღალჩინოსნების საცხოვრებელ ზონად ითვლება. 2025 წლის აპრილში, ამავე ქუჩიდან 350 მეტრში, მსგავსი სცენარით მოხდა გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალიკის ავტომობილის აფეთქებაც.
პარალელურად, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, სადაც ელექტრომობილის ქვეშ საეჭვო ობიექტი იპოვეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ის აფეთქების გზით გააუვნებელყვეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.