გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმა „საბუდარას“ ესტუმრა. მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა ინფრასტრუქტურა და გაეცნო საწარმოს საქმიანობას, რომელიც ბროილერის სადედე გუნდის გამოზრდასა და საინკუბაციო კვერცხის წარმოებას მოიცავს.

„ვეცნობით იმ საწარმოების საქმიანობას, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეიქმნა. ასეთი საწარმოების განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს, აყალიბებენ სრულ ღირებულებათა ჯაჭვს პირველადი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე და ზრდიან ექსპორტის პოტენციალს“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „საბუდარა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია წლიურად 7 მილიონ საინკუბაციო კვერცხს აწარმოებს და ამიერკავკასიის მასშტაბით ახორციელებს ცნობილი ჯიშების, მათ შორის Aviagen-ის, Babolna Tetra-სა და Lohmann Tierzucht-ის ერთდღიანი სანაშენე წიწილების რეალიზაციას. გარდა ამისა, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს უზრუნველყოფს მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

საწარმოს პროდუქცია მიეწოდება როგორც საქართველოს ბაზარს, ისე გადის ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ ეტაპზე ფერმაში 60 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ განვითარებისთვის სხვადასხვა წლებში ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 269 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 400-ზე მეტი სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 63 მილიონ ლარს გადააჭარბა. მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის 72 მილიონი ლარის ღირებულების 235 სესხი, სადაც სააგენტოს მხარდაჭერა 18 მილიონ ლარს აღემატება.

ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა დაგეგმა ფონიჭალაში კომბინირებული საკვების საწარმო „ნუტრიმაქსის“ მონახულება, მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნა და სასათბურე მეურნეობების დათვალიერება. მინისტრი ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრებსაც მართავს, სადაც აგროსექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე მსჯელობენ.