შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ოპტიმისტურად აფასებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თეირანზე „სრულ გამარჯვებას“ გამოაცხადებს.
CNN-ის ცნობით, ტრამპი აცხადებს, რომ ირანული მხარე მზადაა დათმობებზე წავიდეს და ბირთვულ იარაღზე უარი თქვას, რათა ხელსაყრელი შეთანხმება გააფორმოს. პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი გლობალურ ბაზარზეც აისახება და ნავთობის ფასების მკვეთრ კლებას გამოიწვევს.
„ისინი მზად არიან ყველაფერი დაგვითმონ. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ეს იქნება სრული გამარჯვება, რომელიც ძალიან მალე დადგება“, — განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის მხრიდან „ორკვირიანი ვადის“ დასახელება პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი დაპირებები პრეზიდენტს წარსულშიც არაერთხელ გაუჟღერებია, თუმცა მიმდინარე მოვლენები 7 აპრილს გამოცხადებულ ზავს უკავშირდება, რომელიც მხარეებს ომის შეწყვეტისთვის აძლევდა დროს.
Meet the Press-ის ეთერში ტრამპს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ დასრულებულა შეთანხმება აქამდე, მიუხედავად თეირანის სურვილისა. პრეზიდენტმა ირანის პოზიცია მათი „სიამაყითა“ და „სიმტკიცით“ ახსნა.
„მათ არასდროს უფიქრიათ, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მოუწევდათ, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი აღარ აქვთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.