„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მავნე გავლენების შეზღუდვას, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

წერეთლის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე დინამიკური პროცესების ფონზე, საქართველოსთვის სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად ხელსაყრელი პირობები იქმნება. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად სუსტდება, რასაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიც ადასტურებს.

„ვხედავთ, რომ ევროკავშირი ფართოვდება, იზრდება აშშ-ის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. ეს ქმნის მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ შესაძლებლობებს. პრეზიდენტ ტრამპის განწყობაც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესებში, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერაა“, - განაცხადა წერეთელმა.

ოპოზიციონერი ლიდერი აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც ამ შესაძლებლობებს ადეკვატურად გამოიყენებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპირისპირო ქმედებებს ახორციელებს.

წერეთლის შეფასებით, მმართველი გუნდი რეჟიმად ჩამოყალიბდა და ანტიდასავლური რიტორიკითა თუ რეპრესიული კანონმდებლობით აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. მან ხაზი გაუსვა ოპონენტების დევნისა და თავისუფალი არჩევნების პერსპექტივის შესუსტების ფაქტებს, რაც, მისივე თქმით, ხელს უშლის საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.