პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი განმტკიცებულია, ქვეყანა კი ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროპაში ლიდერობს.

კრიტიკა საერთაშორისო რეზოლუციების მიმართ

ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე. დეპუტატის განცხადებით, ეს დოკუმენტები ხშირად იდენტური შინაარსისაა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოთხოვნებს აყენებს.

„გვთხოვენ რას? გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის უკან წაღებას, სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სააკაშვილის გამოშვებას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობა

სწორედ ამ მოთხოვნების გამო, საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ერთი წელზე მეტია, რაც შეაჩერა. ჩაკვეტაძის თქმით, ქართული მხარე მზად არის საქმიანობა განაახლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „არასამართლიანი დამოკიდებულება“ შეიცვლება.

მიუხედავად ასამბლეასთან არსებული დაძაბულობისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპულ დედაქალაქებთან, ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან.

„გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის უპრეცედენტო ეკონომიკური მაჩვენებლები თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რაც მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.