ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს, საზღვაო მიმოსვლა კვლავ იზრდება. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

მიუხედავად ტენდენციისა, რაიტის თქმით, რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი, ენერგომატარებლების ნორმალური ნაკადის სრულად აღდგენას მრავალი თვე დასჭირდება. ეს ეხება როგორც ნავთობსა და გაზს, ისე კრიტიკულ მასალებს, მათ შორის გოგირდს, ჰელიუმსა და საპოხ მასალებს.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს განხორციელებულმა დარტყმებმა, რომელშიც აშშ და ისრაელი მონაწილეობდნენ, სრუტეში მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

ვითარების გამწვავების პარალელურად, ზოგიერთი გემი ირანის სანაპიროს გასწვრივ, ვიწრო დერეფნებით გადაადგილებას ცდილობს. ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება სიბნელის საფარქვეშ და გამორთული ტრანსპონდერებით, რაც რისკებს ზრდის.

ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებამ გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა და ფასების ზრდა გამოიწვია. ეს პროცესები სერიოზულ გამოწვევად იქცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, განსაკუთრებით ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნავთობის ფასი 3%-ზე მეტით დაეცა და ბარელზე 91.34 დოლარს შეადგენს. ეს კლება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ირანმა და ისრაელმა საპასუხო თავდასხმები დროებით შეწყვიტეს. თუმცა, ორივე მხარე აცხადებს, რომ შესაძლოა საომარი მოქმედებები ნებისმიერ დროს განახლდეს.

კრის რაიტის განმარტებით, ომის პერიოდში ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა თავიდან იქნა აცილებული გლობალური მარაგების ხარჯზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის ფაქტორი, სადაც მარაგების შემცირების გამო იმპორტი მაისში დღეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელით შემცირდა.