ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ განხილვისას საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები მკაცრად შეაფასა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოქმედებს როგორც ქართველი ხალხის ნების, ისე აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

უილსონის თქმით, მმართველი პარტია ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ირანთან და ვლადიმერ პუტინის რუსეთთან დაახლოებით „ყიდის“. კონგრესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, რასაც თან ახლავს ანტიამერიკული პროპაგანდა და აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკა.

„მარიონეტული რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითის“ აგენტობაში სდებს ბრალს. ამასთან, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა“, — განაცხადა უილსონმა.

კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა თბილისში მიმდინარე აქციებზე, სადაც მოქალაქეები დონალდ ტრამპის მხარდამჭერ პოსტერებს ატარებენ. მან აღნიშნა, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმარი იყო, რაც, მისი აზრით, ხაზს უსვამს განსხვავებას ხალხის ნებასა და ხელისუფლების კურსს შორის.

ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის იმ მიღწევებს, რაც აშშ-მა სამხრეთ კავკასიაში მოიპოვა. მან ხელისუფლებისგან შემდეგი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა:

  • ანტიამერიკული კურსის შეცვლა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის დასრულება;
  • სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა;
  • ამერიკული ბიზნესისთვის შემაფერხებელი კანონმდებლობის გაუქმება;
  • სიტყვის თავისუფლების დაცვა.