თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა. დედაქალაქის მერის თქმით, საქართველო არ იმყოფება გარე გავლენების ქვეშ და ქვეყნის ბედს მხოლოდ ქართველი ხალხი განსაზღვრავს.

კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანამ დაიბრუნა უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი. მისი თქმით, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული რეალობისა, დღეს საქართველო არ მოქმედებს უცხოელი აქტორების მითითებებით.

„პირველი, რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. მე, როგორც „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი, ვამაყობ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, - განაცხადა კალაძემ.

კონგრესმენ ჯო უილსონის კრიტიკასთან დაკავშირებით, კალაძემ საკმაოდ მკაცრი შეფასება გააკეთა. მან უილსონს „არასერიოზული ადამიანი“ უწოდა და ირონიულად დასძინა, რომ კონგრესმენმა შესაძლოა რუკაზე საქართველოს ადგილმდებარეობაც კი არ იცოდეს.

ჩინეთთან ურთიერთობა და სახელმწიფო ინტერესები

კალაძემ ასევე ისაუბრა ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. მისი თქმით, ევროპული ქვეყნებისა და თავად აშშ-ის მაგალითები აჩვენებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გლობალური პოლიტიკის ნაწილია.

„წარმოუდგენელია უბრალოდ. თუ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს შევხედავთ, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობა დაათბონ. ევროპული ქვეყნების ლიდერებიც აცხადებენ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“, - განმარტა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი მტკიცებით, საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია ისეთი გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება სასარგებლო.