თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კომუნიკაციისას აქციების დროს დაშავებული მოქალაქეების შესახებ დასმულ კითხვებს ირონიული პასუხი გასცა. ჟურნალისტმა მერს შეახსენა, რომ აქციების დაშლისას დაზარალებულები პროკურატურას დღემდე დაზარალებულად არ უცვნია, ასევე მიუთითა BBC-ს დოკუმენტურ ფილმზე, სადაც აქციებისას ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესაძლებლობაზეა საუბარი.

კალაძემ კითხვას უპასუხოდ დატოვა და საუბარი თუთიყუშზე გადაიტანა. მან აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თუთიყუშის მდგომარეობაა, რომელმაც ბუმბული დაკარგა.

მე თუთიყუშზე ვნერვიულობ, თუთიყუში როგორ არის? ეგ ინფორმაცია მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია თუთიყუში მას შემდეგ, რაც ბუმბული დაკარგა - არ გვაქვს ინფორმაცია? - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამავდროულად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც წყლის ჭავლის საშუალებით ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას „ექსპერიმენტული იარაღი“ უწოდა. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ მომხდარს პროკურატურამ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს.

საიას შეფასებით, მსგავსი ქმედებები შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციას მიესადაგებოდეს.

კახა კალაძის ეს განცხადება მედიასა და საზოგადოებაში კრიტიკის საგანი გახდა, რადგან პოლიტიკოსმა თავი აარიდა პასუხისმგებლობას აქციების მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.