სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, ბრიტანელი იურისტი კარიმ ხანი თანამდებობას ჩამოაშორეს. გადაწყვეტილება 8 ივნისს, რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების ასამბლეის ბიურომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

პროკურორის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველი სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებული ბრალდებებია. კარიმ ხანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ეტაპზე პროკურორს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასამბლეა მოგვიანებით, სპეციალურ სესიაზე მიიღებს. ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ კარიმ ხანმა ადმინისტრაციული შვებულება აიღო.

კარიმ ხანის სახელი საერთაშორისო სამართალში გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. ის იყო ინიციატორი ICC-ს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერების გაცემისა.

პუტინის დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა, ხოლო ნეთანიაჰუს დაკავების მოთხოვნა პროკურორმა 2024 წლის ნოემბერში დააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილებები საერთაშორისო პოლიტიკაში კარიმ ხანის როლს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდიდა.