საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2012 წლიდან დგას. პრემიერის შეფასებით, ქვეყანაზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობები გლობალური ომის პარტიის მხრიდან მოდის.
„გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი, საქართველო ჩართულიყო ომში და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზეწოლის, შანტაჟის პირდაპირ მცდელობებს, თუმცა მიზანს ვერ აღწევენ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპული ბიუროკრატია და არაფორმალური გავლენები
პრემიერ-მინისტრმა ევროპულ ბიუროკრატიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებს. მისი თქმით, სწორედ ამ გავლენებმა გამოიწვია ევროკავშირის ეკონომიკური წილის კლება მსოფლიო ეკონომიკაში: 2008 წლის 30%-დან 17,5%-მდე.
„ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე მოქმედებს არაფორმალური ძალის გავლენის ქვეშ. ამას ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში მას „დიფ სთეითს“ უწოდებენ. რომ არა ეს გავლენები და სუვერენიტეტის დაკარგვა ევროკავშირის სივრცეში, ეკონომიკური ტენდენციები ასეთი მძიმე არ იქნებოდა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
იდეოლოგიური წნეხი და დეზინფორმაცია
კობახიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წლებია მიმდინარეობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
„გარკვეული ძალები ავრცელებენ ლიბერალურ იდეოლოგიას, რითაც ცდილობენ, ქვეყნებს დააკარგვინონ რელიგიური, ეთნიკური თუ პიროვნული იდენტობა. ჩვენ ამას 2012 წლიდან ვუპირისპირდებით“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ გავლენებისგან გათავისუფლებას შეძლებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.