„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, სადაც მან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვრცელი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ოპოზიციურ პარტიებში მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი თამაზ დათუნაშვილი კობახიძის გამოსვლას „შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტს“ უწოდებს. მისი თქმით, პრემიერმა საკუთარი განცხადებით დაადასტურა, რომ ის ხელისუფლების „მეორე პირია“.

„გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი კობახიძის ბრიფინგს პანეგირიკს ადარებს. ჯაფარიძის შეფასებით, ასეთი რიტორიკა მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

„პიროვნების კულტის გამოცხადება“

„ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებები პიროვნების კულტის ღიად გამოცხადების ტოლფასია. ბოკერიას თქმით, მსგავსი რიტორიკა საბჭოთა კომპარტიის პერიოდს ახსენებს.

თამაზ დათუნაშვილის აზრით, აღნიშნული ბრიფინგი ივანიშვილის უკმაყოფილების შედეგი უნდა იყოს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ჰქონდა ილუზია, რომ პროვინციული დიქტატურის შენარჩუნება ცივილიზებულ სამყაროსთან კონფლიქტის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციამ ეს ილუზია გააქარწყლა.

რა თქვა პრემიერმა?

ირაკლი კობახიძემ 8-წუთიან ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმაისტერი“ უწოდა. პრემიერის განმარტებით, ის ხშირად სარგებლობს ივანიშვილის რჩევებით, რაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი სამთავრობო მენეჯმენტსა და საკადრო გადაწყვეტილებებში არსებითად არ ერევა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიფინგის გამართვის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით მიიღო.

ზურაბ ჯაფარიძე კი ირონიულად აღნიშნავს, რომ კობახიძის „შესრულება“ განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს და ეს მხოლოდ სინდისზე ხელის აღება არ არის.