საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას გაუმართლა, რომ ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარი რესურსებით, უანგარო პატრიოტიზმით ქვეყნის ინტერესებს იცავს.

მახაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა კრიტიკულ მომენტებში პირადი და ოჯახური რისკის ფასად მიიღო გადაწყვეტილებები, რამაც ქვეყანას „ნორმალური მომავალი“ შეუნარჩუნა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ყოველთვის კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგის ფარგლებში იყო.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იდგა იქ და იმ გავლენით ახდენდა გავლენას ინსტიტუტებზე, რაც არის შესაბამისი მისი თანამდებობიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ-დემოკრატიულ წესწყობილებაში“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ამასთან, მახაშვილმა ივანიშვილის გარშემო არსებულ საუბრებსა და მანიპულაციებს „აბსურდული და უადგილო“ უწოდა. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული განსხვავებული შეფასებები რეალობას არ ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის როლზე დისკუსია პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს. თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხშირად უსვამს ხაზს ივანიშვილთან კომუნიკაციის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ საზოგადოებას მმართველობის მოდელი უნდა განემარტოს.

ამავდროულად, ოპოზიციური სპექტრი და კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები ივანიშვილის გავლენებს „მლიქვნელობის სესიებს“ უკავშირებენ და ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებენ. ირაკლი კობახიძე კი, თავის მხრივ, არ პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ სთხოვა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება.