სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში მორიგი საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. შედეგად, ენერგორესურსით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობის ფაქტზე კიდევ 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიაში ჩატარებული ჩხრეკების სერია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ჯამში 212 ერთეული მოწყობილობაა კონფისკირებული.

გამოძიება ადგენს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნული ტექნიკით სისტემატურად ახდენდნენ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებას. მიზანი ციფრული ვალუტის გენერირება და არალეგალური შემოსავლის მიღება იყო.

საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ წყდება. პოლიცია მუშაობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიმართულებით, რათა მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ელექტროენერგიის ქურდობას ან მართლსაწინააღმდეგო მოხმარებას კრძალავს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.