„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვა უნდა შეწყვიტოს. ეს არის სისუსტის დემონსტრაცია, რაც ხელისუფლების შეცვლის მსურველ პოლიტიკურ ძალას არ შეეფერება, — ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

გვარამიას თქმით, პარტიამ ისტორიულად უკვე გაიარა უმძიმესი გამოცდები, თუმცა მუდმივი აპელირება იმაზე, რომ „ყველა მათ ებრძვის“, პოლიტიკური სისუსტის ნიშანია. მისი განმარტებით, შეუძლებელია ერთდროულად ხელისუფლების შეცვლაზე პრეტენზია გქონდეს და ყველას მსხვერპლად აცხადებდე თავს.

პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვე-ნახევარია, ფაქტობრივად, გამიჯნულია ოპოზიციური ალიანსის საქმიანობისგან. გვარამიას თქმით, პარტია არცერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებია და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„პარტია, რომელიც არცერთ სხდომაზე არ დადის, გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობს და 26 მაისის მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს, გარდა იმისა, რომ ბოლო მომენტში სცენაზე გამოსვლა მოითხოვა, ახლა შეტევის ობიექტად ჩვენ გვაქცევს,“ — აღნიშნა გვარამიამ.

გვარამიამ ასევე გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოყენებული ტერმინოლოგია, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რიტორიკას დაემსგავსა. მან აღნიშნა, რომ თავდასხმები მიმართულია მისი პარტიის საშუალო და დაბალი რგოლების წინააღმდეგ, რაც მისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ტერმინოლოგიით „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილმაც იცოდეს, თუ რა ხდება,“ — დაამატა კოალიციის ლიდერმა.