ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. ოპოზიციური ალიანსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ალიანსი ფაქტობრივად დაშლილია.
ჩერგოლეიშვილის თქმით, გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოსთან დაკავშირებით არსებულმა უთანხმოებამ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა ხაზმა პროცესი ჩიხში შეიყვანა. მისივე განცხადებით, პარტიები აღარ აპირებენ რესურსების ხარჯვას იმ ფორმატზე, რომელიც, მათი აზრით, არ ფუნქციონირებს.
„ცარიელი ლაილაი“ და პოლიტიკური კრიზისი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ოპოზიციურ პარტიებს მკაცრი ტონით მიმართავს. მისი შეფასებით, ის პოლიტიკური დისკუსია, რომელიც ამჟამად ალიანსის შიგნით მიმდინარეობს, „ცარიელი ლაილაია“ და შედეგის მომტანი არ არის.
„ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ოპოზიციურ სუბიექტებსა და ალიანსის წევრებს, რომ ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიტოვებენ თავს. ეს ცარიელი ლაილაი „ლუზერობის“ ფორმულაა. ჩვენ გვჭირდება რეალური ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ფარულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას აგრძელებს და ამ პროცესს „ჩარჩოები არ აქვს“. მისი განცხადება პასუხია იმ კრიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გასულ დღეებში სასამართლო პროცესზე გააჟღერა.
სააკაშვილის კრიტიკა ოპოზიციის მისამართით
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციური კოლეგების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. მან „ლუზერის“ ფსიქოლოგიაზე ისაუბრა და ოპოზიციის მიერ არჩეული ბრძოლის სტრატეგია გააკრიტიკა. სწორედ ამ განცხადებებმა გაამწვავა ურთიერთობა იმ პარტიებთან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შედიოდნენ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ალიანსის მიერ შეთანხმებულ წესებს არ ემორჩილება, რაც საერთო ფრონტის შექმნას შეუძლებელს ხდის. ამ დროისთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ჯგუფები კრიზისის გადალახვას და საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.