ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, სოციალურ ქსელში გამართული პირდაპირი ეთერის დროს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სტილი და მისი დამოკიდებულება ალიანსის წესების მიმართ მკაცრად გააკრიტიკა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია, რადგან ის უარს ამბობს წესების დაცვაზე. მისი შეფასებით, სააკაშვილის პოზიცია კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„სრული საგიჟეთია. რაღაც არარეალისტურს ინდომებს. ამაზე ვერ შევთანხმდებით ვერასდროს. კანონის უზენაესობაზეც არ გვეთანხმება, მე წესებს თავზე ვერავინ მომახვევსო ყვირის. თუ რაღაც იდეები აქვს და ჩვენზე მეტი შეუძლია, აგერ, თავის პარტია ჰყავს და შეუბეროს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ოპოზიციური ერთობის მიმართ კრიტიკული იყო „გირჩის“ წევრი, ლევან ჯგერენაიაც. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ოპოზიციური ალიანსი თავიდანვე მყარ საფუძველს მოკლებული იყო. ჯგერენაიას თქმით, გაერთიანება მხოლოდ ტყუილზე იყო აგებული, რაც საბოლოო ჯამში მის რღვევას იწვევს.
„ალიანსი რადგან არანაირ იდეაზე არ იდგა და მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, ამიტომ ხდება მათ თავს ის, რაც ხდება. ამ პროცესს რომ შეხედავს ხალხი, რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედოს ამ ყველაფერს და მხარი დაუჭიროს“, - წერს ჯგერენაია.
მმართველ გუნდში კი მიმდინარე პროცესებს ოპოზიციის პოლიტიკურ კრახად აფასებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების ქმედებები არა შედეგის მიღწევისკენ, არამედ მათივე დასრულებისკენაა მიმართული.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.