პარიზის სასამართლოში 9 ივნისიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის საქმის განხილვა იწყება. მათ ევროპის წამყვანი ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული რუსული წიგნების სისტემურ ქურდობაში ედებათ ბრალი.
გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა. შვიდივე ბრალდებულს ფრანგული კანონმდებლობით 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ორი მათგანი დაუსწრებლად არის ბრალდებული და მათზე დაკავების ორდერებია გაცემული.
დაკავებულთა შორის არიან მიხეილ ზ. და ბექა ცირეკიძე, რომლებიც სხვა ქვეყნებში მსგავსი დანაშაულისთვის უკვე იხდიან სასჯელს. ისინი საფრანგეთს დროებით გადასცეს პროცესში მონაწილეობისთვის.
როგორ მოქმედებდნენ მძარცველები?
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ბიბლიოთეკებს რამდენჯერმე სტუმრობდნენ, რათა ძვირფასი გამოცემები შეესწავლათ. ისინი წიგნებს ფოტოებს უღებდნენ, ზომავდნენ და ოსტატურად დამზადებული ასლებით ანაცვლებდნენ. პოლიციამ პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში აღმოჩენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ქურდობები ერთი და იმავე ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი.
საფრანგეთში სამიზნე გახდა ლიონის ბიბლიოთეკა, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა და ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის საცავი. მიხეილ ზ.-ს თანამზრახველად გამოძიება 58 წლის ვალერიან რ.-ს მიიჩნევს, რომლის ტელეფონში აღმოჩნდა წიგნების დეტალური ფოტოები და ნახაზები ასლების დასამზადებლად.
ვალერიან რ., რომელიც საფრანგეთში ანტიკვარიატით მოვაჭრედ იყო წარდგენილი, ჩვენებებს ხშირად ცვლიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ასლებს საქართველოში გასაყიდად ამზადებდა, თუმცა გამოძიების თანახმად, მან ბიბლიოთეკებიდან ნამდვილი წიგნები გაიტანა, სანაცვლოდ კი თაბაშირის მსგავსი მასალით დამაგრებული ყალბი გამოცემები დატოვა.
საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული
ქართველი ბრალდებულების კვალი ევროპის სხვა ქვეყნებშიც იკვეთება. მიხეილ ზ. ლიეტუვაში უკვე გასამართლებულია 606 000 ევროს ღირებულების წიგნების ქურდობისთვის. ბექა ცირეკიძე კი სასჯელს ესტონეთში იხდის ლატვიისა და ესტონეთის ბიბლიოთეკების ძარცვისთვის. ამასთან, საქართველოშიც დააკავეს ხუთი ადამიანი, რომლებიც ევროპული ბიბლიოთეკების გაძარცვის საქმესთან არიან კავშირში.
ბრალდებულთაგან მიხეილ ზ. ქურდობის ფაქტს აღიარებს, თუმცა უარყოფს ჯგუფურ თანამშრომლობას. მისი მტკიცებით, დანაშაულის მოტივი მხოლოდ პირადი სიხარბე იყო და მოპარული წიგნების რუსულ აუქციონებზე რეალიზებას გეგმავდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.