ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ გატარებულ ახალ იდეოლოგიურ ხაზს აკრიტიკებს. საუბარია სამხედრო ფორმებზე დატანილ წარწერაზე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ფორმულირებულ ტრიადას — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ — ეფუძნება.

გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ლოზუნგის ჯარისკაცების ფორმაზე განთავსება და მისი საჯარო დემონსტრირება, მათ შორის აღლუმებზე, ქვეყნისთვის საშიში ტენდენციაა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ახალი ეროვნული იდენტობის დამკვიდრებას.

„ენა, მამული, სარწმუნოება“ და ახალი ტრიადა

რომან გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ ილია ჭავჭავაძის კლასიკური ფორმულა — „ენა, მამული, სარწმუნოება“ — ქართული ცნობიერების ქვაკუთხედია. მისი თქმით, ახალი ტრიადით ენა საერთოდ ამოღებულია, ხოლო პრიორიტეტები შეცვლილია.

„ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა ადამიანიც ჩააკვეხეს. სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე“, — წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტები უნდა იყოს ოჯახი და სამშობლო. მისი შეფასებით, მსგავსი იდეოლოგიური მანიპულაციები ანტიეროვნულ ხასიათს ატარებს.

პატრიარქის განმარტება

შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2012 წელს განმარტა, თუ რატომ შემოიტანა ტრიადა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. პატრიარქის თქმით, ეს არის „ენა, მამული, სარწმუნოების“ გაფართოებული ვერსია.

პატრიარქის განცხადებით, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი ადამიანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობებია. მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი ღვთის უნიკალური ქმნილებაა და მას განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება.

მიუხედავად ამ განმარტებებისა, პოლიტიკურ სპექტრში მსგავსი სიმბოლოების სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ შორის ჯარში გამოყენება კვლავ დავის საგანი რჩება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან „თეოდემოკრატიული“ იდეოლოგიის პროპაგანდაზე მიანიშნებენ.