რუსული ენერგოჰოლდინგი „ინტერ რაო“, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ერთადერთი ოპერატორია რუსეთის ფედერაციაში, 2026 წელს საექსპორტო მაჩვენებლების 2025 წლის დონეზე შენარჩუნებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელმა, სერგეი დრეგვალმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ დაგეგმილი მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ კილოვატ-საათს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, რუსული ელექტროენერგიის ექსპორტის მთავარი მიმართულებები უცვლელი რჩება. კომპანია აქტიურად აგრძელებს მიწოდებას მონღოლეთში, ყაზახეთსა და სამხრეთის მიმართულებით, სადაც პრიორიტეტულ პარტნიორად კვლავ საქართველო მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს „ინტერ რაოს“ ტრანსსასაზღვრო ოპერაციების მოცულობა 9,7 მილიარდ კილოვატ-საათამდე შემცირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6,9%-ით ნაკლებია. გასულ წელს რუსეთი ელექტროენერგიას 11 ქვეყანაში ყიდდა, მათ შორის ჩინეთსა და ყირგიზეთში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მიწოდება მოიცავდა თურქეთის მიმართულებით განხორციელებულ სატრანზიტო გადადინებებსაც.

„ინტერ რაო“ წარმოადგენს დიდ ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს აქტივებს სითბოსა და ელექტროენერგიის გენერაციის, ენერგოტრეიდინგის, ინჟინერიის, ენერგომანქანათმშენებლობისა და IT სექტორებში. კომპანია ოპერირებს არაერთ უცხო სახელმწიფოსა და რუსეთის 30-ზე მეტ სუბიექტში.