ყულევის პორტში რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული ტანკერი NEPHIRA შემოვიდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა, ვიდრე პორტში შესვლის ნებართვას მიიღებდა.
საზოგადოებაში ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შემოწმდა გემი და მისი ტვირთის წარმომავლობა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა პირობა საეჭვო ტვირთების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მოპოვებული მონაცემების თანახმად, ტანკერმა NEPHIRA-მ დაახლოებით 30 000 ტონა ნავთობპროდუქტი რუსეთის მიერ კონტროლირებად წყლებში, სხვა გემიდან — BOLTARIS-დან მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე გემი გადატვირთვის პროცესში ტრანსპონდერებს თიშავდა და კოორდინატების გაყალბების მეთოდს მიმართავდა.
ტანკერი BOLTARIS, რომლისგანაც მოხდა ტვირთის გადატვირთვა, 2025 წლის გაზაფხულიდან ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულია. გემი უკრაინის მიერ საეჭვო საქმიანობაში ჯერ კიდევ 2023 წლიდან არის შემჩნეული. თავად NEPHIRA კი პანამის დროშის ქვეშ ცურავს და ბერძნულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და კითხვების წერილობით გაგზავნა მოითხოვა. ამ დრომდე უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.