საქართველოს მთავრობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მოდელს ცვლის. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაარეგისტრირა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ახალი კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს. კომპანია სრულად ან ნაწილობრივ აიღებს საკუთარ თავზე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანი სტაბილური რესურსის შექმნაა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება როგორც გზების ყოველდღიურ მოვლას, ისე სტიქიური მოვლენების დროს საჭირო მობილიზაციას, მათ შორის სპეცტექნიკის ოპერატიულ გამოყენებას.

კომპანიის საწყისი კაპიტალური ინვესტიცია (CAPEX) 63 მილიონი ლარია. ამ თანხით დაგეგმილია 119 ერთეული თანამედროვე ტექნიკის შესყიდვა, მათ შორის 65 ერთეული ზამთრის და 54 ერთეული ზაფხულის მოვლა-შენახვისთვის. დამატებით 15.6 მილიონი ლარი მოხმარდება IT სისტემების დანერგვასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გარდა კაპიტალური დანახარჯებისა, კომპანიის წლიური ოპერაციული ბიუჯეტი (OPEX) დაახლოებით 30 მილიონი ლარი იქნება. აქედან 7 მილიონი ლარი 163 თანამშრომლის სახელფასო ფონდს მოხმარდება, დანარჩენი კი საწვავს, ტექნიკის ამორტიზაციასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოიცავს. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რესურსების ოპტიმიზაციის გზით განხორციელდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის გამკაცრებას. სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად არსებული აკრძალვებისა, გზისპირა ზონებში უკანონო მშენებლობები და დეპარტამენტთან შეუთანხმებელი საქმიანობა ხშირია.

ახალი რეგულაციებით, გზების მფლობელთან შეუთანხმებელი სამუშაოები ან ტექნიკური პირობების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მიზანი საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვა და მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდაა.