ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ფრენების გეოგრაფიის გაფართოება ამჟამად შეუძლებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმს სურს რეისების შესრულება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მიმართულებითაც, ამ პროცესს საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მეშვეობით ბლოკავს.
გუნბამ აღნიშნა, რომ ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ რუსეთის ქალაქებში ხორციელდება, რაც მათთვის „პრიორიტეტულ მიმართულებად“ რჩება. თუმცა, მან არ გამორიცხა სხვა უცხოური რეისების დაშვების შესაძლებლობა მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ „ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები“ შეიქმნება.
საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოსთან არსებული „არასტაბილური ურთიერთობები“ და პოლიტიკური ფონი საერთაშორისო მიმართულებების გახსნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. „რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში ფრენების განხორციელება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან საქართველო ამას ბლოკავს ICAO-ს მეშვეობით“, — განაცხადა გუნბამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა 2025 წლის თებერვალში განხორციელდა. მოგვიანებით, 2025 წლის აპრილში, ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ“ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა. შედეგად, რუსეთმა სოხუმის მიმართულებით რეისების შესრულება სანქცირებული ავიაკომპანიების მეშვეობით დაიწყო.
საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროკავშირი, ოკუპირებულ სოხუმში რეგულარული ფრენების დაწყებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგ ნაბიჯად აფასებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.