ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის განვითარების გეგმები მხოლოდ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, სამომავლოდ აეროპორტის სხვა საერთაშორისო მიმართულებებზე გახსნა იგეგმება.
ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ქალაქების მიმართულებით ხორციელდება. გუნბას განმარტებით, რუსეთი რჩება მთავარ და პრიორიტეტულ პარტნიორად, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, საჰაერო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთანაც დაამყაროს.
Однозначно, конечно же, мы нацелены на эту работу. За исключением России в другие страны осуществить полеты, к сожалению, пока невозможно, поскольку Грузия блокирует это через ICAO.
ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეისების განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მთავარ დაბრკოლებად მან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ დაწესებული რეგულაციები დაასახელა, რომელსაც საქართველო იყენებს.
საქართველო აკონტროლებს აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილს. ICAO-ს სტანდარტების მიხედვით, სოხუმის აეროპორტს არ აქვს საერთაშორისო კოდი და სტატუსი, რაც სამართლებრივად კრძალავს ნებისმიერ პირდაპირ ფრენას ოკუპირებული ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში.
დე ფაქტო ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხი მომავალში მოგვარდება, თუმცა კონკრეტულ გზებზე ან ვადებზე არ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია გასულ წელს განახლდა და ის რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურება.
ICAO არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სტანდარტებს ადგენს და კოორდინაციას უწევს აერონავიგაციას. მის წევრ 193 სახელმწიფოს შორის საქართველო აფხაზეთს საკუთარი საჰაერო სივრცის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.