პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კატეგორიული პოზიცია დააფიქსირა უკრაინაში ომის დასრულების სცენარებთან დაკავშირებით. მისი თქმით, პოლონეთი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინის ბედს წყვეტს.
ტუსკი ღიად აკრიტიკებს ე.წ. E3-ის ფორმატს, რომელშიც მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ. პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეზღუდული ფორმატი ევროპული ერთიანობის ინტერესებს აზიანებს და სხვა პარტნიორებს პროცესების მიღმა ტოვებს.
„ნებისმიერი შეთანხმება, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს, პოლონეთისთვის სავალდებულო არ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება დასავლეთ ევროპაში გაჩენილ იდეებს, რომლებიც რუსეთთან, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინთან, დიალოგის სწრაფ დაწყებას გულისხმობს. ტუსკის თქმით, ამ პოზიციას იზიარებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც, რომელიც ასევე უკმაყოფილოა E3-ის ფორმატის ექსკლუზიურობით.
ვითარების განმუხტვის მიზნით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრა. მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინის საკითხზე პოზიციების დაახლოებას და დიალოგის უფრო ფართო ფორმატში გადატანას.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.