უკრაინამ და ლატვიამ უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმოებისა და განვითარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

შეთანხმება ტალინში, უკრაინასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის გამართული სამიტის ფარგლებში გაფორმდა. შეხვედრას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ანდრის კულბერგსიც ესწრებოდა.

ზელენსკის თქმით, ეს ნაბიჯი უკრაინის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს და პარტნიორ ქვეყნებს კიევის მიერ ომში დაგროვილი უნიკალური გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ტექნიკური დეტალები გასაჯაროებული არ არის, ცნობილია, რომ ლატვია ამ ინიციატივის ფარგლებში წვდომას მიიღებს უკრაინულ ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა და არავინ იცის, როგორ გავაკეთოთ ეს უკრაინაზე უკეთ“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა. მისი თქმით, დრონები თანამედროვე ომში გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ხშირად სწორედ ისინი ხდებიან რუსული ძალების დანაკარგების მთავარი მიზეზი.

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, ლატვია უკვე მეექვსე სახელმწიფოა, რომელიც კიევის დრონების კოალიციას შეუერთდა. ზელენსკის განცხადებით, დრონების სფეროში თანამშრომლობით კიდევ 20-მდე ქვეყანაა დაინტერესებული.

ბოლო პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებში საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები გახშირდა. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დრონების ტრაექტორიაზე ზემოქმედებას ახდენს, რაც ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

ამ ფონზე, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა პარტნიორი ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით, საკუთარ ექსპერტებსა და გამოცდილებას აქტიურად იყენებს.