საქართველოს მთავრობამ მიგრაციის რეგულირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღების წესებს ცვლის. ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს სწავლის დაწყებამდე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სავალდებულო ხდება სახელმწიფო ენის გამოცდა.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მთავრობა დაუდგენს სტუდენტთა ჩარიცხვის ზღვრულ რაოდენობას. სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მაქსიმალური კრედიტების მესამედზე ნაკლებს დააგროვებენ, სწავლის სტატუსი ავტომატურად შეჩერდება.
წვდომა მონაცემებზე და უწყებათაშორისი კონტროლი
საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო სისტემაში შეიტანონ. ამ მონაცემებზე წვდომა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს.
წესების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რაც შეიძლება ჯარიმას ან ავტორიზაციის გაუქმებას გულისხმობდეს. ცვლილებების ნაწილი 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
კვოტები და სახელმწიფო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების 5%-იანი ზღვარი შენარჩუნდება. კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში, კვოტები ავტორიზაციის პროცესის საფუძველზე განისაზღვრება.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო უნივერსიტეტებისთვის მორატორიუმი გვქონდა გამოცხადებული, თუმცა ახლა რესურსი გაიხსნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი, რადგან უცხოელი სტუდენტების წილი ეკონომიკაში 1%-ზე მეტია და მოსალოდნელია მისი ზრდა“, — განაცხადა კობახიძემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.