უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. აღნიშნული განცხადება მან ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. მისი აზრით, ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტური ფორმატი ლიდერების დონეზე შეხვედრაა, სადაც უკრაინისა და რუსეთის გარდა, ევროპული სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატებიც იქნებიან წარმოდგენილნი.
„იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს, ჩემი აზრით, უმჯობესია ლიდერების დონეზე შეხვედრა გაიმართოს. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ - ეს არის პასუხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები უშუალოდ განიცდიან ომის შედეგებს, მათ შორის დრონების საფრთხესაც, რაც მათ მონაწილეობას მოლაპარაკებებში პოლიტიკურად და უსაფრთხოების კუთხითაც გამართლებულს ხდის.
„ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი კონტინენტია. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხვალ უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ. ამიტომაც ამ ქვეყნებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, როგორც ამ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართული პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა რუსეთის პოზიცია ამ მხრივ ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ახლა ვნახოთ, არსებობს თუ არა ასეთი ნება რუსეთის მხრიდან. ჯერჯერობით მათ ეს არ უჩვენებიათ“, - დასძინა მან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.