კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება. ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებული კომპლიმენტები პოლიტიკური სისტემის დაუცველობის ნიშანია.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის ამჟამად პირადი ერთგულება ნებისმიერ პრინციპზე მაღლა დგას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც მას მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციას აწვდიან, ხოლო კრიტიკული აზრი ახლობელი წრისგანაც კი ღალატად აღიქმება.
„როდესაც ბელადი იწყებს საჯარო ქების მოთხოვნას მინისტრებისგან, პარლამენტარებისგან თუ ბიზნესმენებისგან, ეს დაუცველობის განცდის პირდაპირი შედეგია. თავდაჯერებული ლიდერები შედეგებს ითხოვენ, ხოლო ქება-დიდება მათ სჭირდებათ, ვისაც ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვს“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი ავტოკრატიული რეჟიმების დამახასიათებელი ნიშანია. მისი თქმით, ისტორიული კანონზომიერებაა, რომ როდესაც რეჟიმი მიღწევების ჩანაცვლებას ბელადის პანეგირიკით იწყებს, ის არსებობის მყიფე ფაზაში შედის.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმეისტერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური წონა გამორჩეულ ინტელექტსა და უანგარო პატრიოტიზმს ეფუძნება.
ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარედან სისტემა შესაძლოა მყარი ჩანდეს, რეალურად ის ერთ ადამიანზე ხდება დამოკიდებული, რომელიც სიმართლის მიმართ სულ უფრო მეტ შიშს განიცდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.