დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს საშუალებას მისცემს, სახელმწიფო კავშირების მქონე უცხოური ორგანიზაციები ეროვნული უსაფრთხოებისათვის პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადოს. კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მსგავსი სტრუქტურების გაკონტროლებას, შესაძლოა, ძალაში მომდევნო თვეში შევიდეს.

საკანონმდებლო აქტი, სახელწოდებით „ეროვნული უსაფრთხოება (სახელმწიფო საფრთხეები)“, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ის შაბანა მაჰმუდს უფლებამოსილებას ანიჭებს, დაასახელოს ის ჯგუფები, რომლებიც „უცხო ძალის საფრთხის შემცველ საქმიანობაში“ არიან ჩართულნი. ეს მოიცავს მკვლელობის მცდელობებს, სათვალთვალო ოპერაციებსა და დივერსიებს.

ახალი კანონი სამი ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულს აწესებს. პასუხისმგებლობა დაეკისრება მათ, ვინც მხარს უჭერს განსაზღვრულ საშიშ ორგანიზაციას, ასევე მათ, ვინც ასეთი ჯგუფებისგან მატერიალურ სარგებელს იღებს ან მათ საქმიანობაში ეხმარება. კანონმდებლობის ინიცირება ჯონათან ჰოლის, სახელმწიფო საფრთხეების საკითხებში დამოუკიდებელი მიმოხილველის, რეკომენდაციას ეფუძნება. მისი თქმით, ამჟამად ირანული გვარდიის მსგავსი სტრუქტურების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება სამართლებრივად რთულია.

ბოლო პერიოდში ბრიტანეთში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცხოური ძალები კრიმინალურ დაჯგუფებებს „შავი საქმეების“ შესასრულებლად ქირაობენ. გასულ წელს დაფიქსირდა ჯაშუშობის ფაქტები ჩინეთის სასარგებლოდ, რუსული „ვაგნერის“ დაკვეთით განხორციელებული ცეცხლის წაკიდება უკრაინულ საწყობზე და ირანის დავალებით ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაჭრა უიმბლდონში.

პრემიერ-მინისტრ სერ კირ სტარმერის განცხადებით, სახელმწიფო არ შეეგუება უცხოური ძალების მიერ წვრილმანი კრიმინალების დაქირავებას საკუთარი მიზნებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უცხოური სახელმწიფოები სულ უფრო აგრესიულები ხდებიან და საკუთარ კვალს მარიონეტული ჯგუფების უკან მალავენ.

MI5-ის გენერალურმა დირექტორმა, სერ კენ მაკკალუმმა დაადასტურა, რომ ბოლო ერთ წელიწადში უსაფრთხოების სამსახურმა ირანის მხარდაჭერით დაგეგმილი 20-ზე მეტი სასიკვდილო ხასიათის შეთქმულება გამოავლინა. მთავრობის შეფასებით, კანონის ამოქმედების პირველ წელს შესაძლოა 10-მდე ორგანიზაცია გამოცხადდეს სახელმწიფო საფრთხედ.