მადრიდის „რეალი“ მომავალი სეზონისთვის გეგმებს აქტიურად აზუსტებს. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდა დენზელ დუმფრისისა და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერებზე, თუმცა ჟოზე მოურინიოს სურვილები ამით არ სრულდება.

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, მოურინიოს მთავარი სამიზნე „ტოტენჰემის“ ნიდერლანდელი მცველი, მიკი ვან დე ვენია. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ 25 წლის ფეხბურთელი იდეალურად ერგება იმ სათამაშო სტილს, რომლის დანერგვასაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გეგმავს.

რას ითხოვს „ტოტენჰემი“?

მიკი ვან დე ვენს ლონდონური კლუბის დატოვება და კარიერის ახალ ეტაპზე გადაყვანა სურს. ინგლისური მედიის ცნობით, „ტოტენჰემი“ მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა ფინანსური მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. თუ თავდაპირველი შეფასებით ფეხბურთელის ღირებულება 50 მილიონ ევროს აჭარბებდა, ამჟამად ლონდონელები 75 მილიონ ფუნტს, ანუ დაახლოებით 85 მილიონ ევროს ითხოვენ.

ვან დე ვენის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ მადრიდული გრანდი, არამედ „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენენ. ფეხბურთელი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში გამოვა, რაც მისთვის ევროპული გრანდების ყურადღების კიდევ უფრო მეტად მიპყრობის საშუალება იქნება.

სტატისტიკა და პერსპექტივა

25 წლის მცველი „ტოტენჰემს“ 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ჯამში 96 შეხვედრა ჩაატარა. მისი ეფექტურობა დაცვით ფუნქციებთან ერთად შეტევაშიც გამოჩნდა — ვან დე ვენის ანგარიშზე 10 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„მიკი სრულად შეესაბამება იმ პროფილს, რომელსაც მოურინიო ეძებს. მადრიდის „რეალი“ მზად არის, ის დაიმატოს“, — აცხადებს Mirror-ის მიერ ციტირებული წყარო.