NBA-ის სუპერფინალური სერიის მესამე დაპირისპირება ნიუ-იორკში, „მედისონ სქუეარ გარდენის“ კედლებში გაიმართა. მასპინძელი „ნიუ იორკ ნიქსი“, რომელიც სტუმრად მოგებული ორი მატჩის შემდეგ სერიას კომფორტულად იგებდა, საკუთარ არენაზე „სან ანტონიო სპურსთან“ 111:115 დამარცხდა.

მატჩი ტეხასელთა აქტიურობით დაიწყო. „სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი 33:22 მოიგო და მატჩის სადავეები საწყის წუთებშივე ხელში აიღო.

თუმცა, მეორე პერიოდში სურათი რადიკალურად შეიცვალა. „ნიქსმა“ ფენომენალური კალათბურთი აჩვენა და მეტოქეზე 18 ქულით მეტი, ჯამში 42 ქულა ჩააგდო. ამ გარდატეხის შედეგად, ნიუ-იორკელები შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ — 64:57.

მეორე ნახევარი კვლავ დაძაბული გამოდგა. მესამე მეოთხედში „სან ანტონიომ“ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და გადამწყვეტი პერიოდის წინ მინიმალური, ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა — 92:91.

ბოლო მეოთხედი „სპურსის“ 6-ქულიანი გაქცევით დაიწყო, რამაც „ნიქსს“ სიტუაციის გამოსწორების საშუალება აღარ მისცა. სტუმრებმა ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

გამორჩეული მოთამაშეები

„სან ანტონიოს“ გამარჯვებაში ლომის წილი ვიქტორ ვემბანიამამ დაიდო, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. მის გარდა, ტეხასელთა რიგებში სტეფონ კასლი 23 ქულით გამოირჩა, დილან ჰარპერმა 13 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, ხოლო დე’აარონ ფოქსის ანგარიშზე 12 ქულა და 8 პასი იყო.

„ნიქსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი გახლდათ 32 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით. ოჯი ანუნობიმ 28 ქულა დააგროვა, ჯოშ ჰარტმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

სერია კვლავ „ნიუ იორკ ნიქსის“ უპირატესობით (2:1) გრძელდება. მომდევნო შეხვედრა კვლავ ნიუ-იორკში, 11 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.