მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. კლუბის წევრებმა არჩევანი კვლავ ფლორენტინო პერესზე შეაჩერეს, რომელიც გუნდს 2030 წლამდე უხელმძღვანელებს. მიუხედავად პერესის გამარჯვებისა, პროცესებმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

პერესმა ხმების 65% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ენრიკე რიკელმემ, ამომრჩეველთა მხარდაჭერის 35% დაიმსახურა. შედეგებს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ოპონენტისთვის საკმაოდ სოლიდურია.

„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭი“

ტებასმა რიკელმეს შედეგზე საუბრისას აღნიშნა, რომ პერსონა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის 15 დღის წინ უცნობი იყო, სერიოზულ კონკურენციას გაუწია პერესს. მისი თქმით, რიკელმეს პოპულარობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, მეტი დრო და ადგილობრივი აუდიტორიის მხარდაჭერა რომ ჰქონოდა.

„იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა, მას ესპანური აქცენტი რომ ჰქონოდა და 40 დღე გვქონოდა“, - განაცხადა ტებასმა.

ახალი რეალობა კლუბში

ლა ლიგის პრეზიდენტის შეფასებით, საარჩევნო პროცესმა „რეალის“ შიდა დინამიკაზე ახალი კითხვები გააჩინა. ტებასი მიიჩნევს, რომ პერესის გამარჯვების მიუხედავად, კლუბის შიგნით არსებობს ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ალტერნატიულ ხედვას იზიარებს.

„ნებისმიერმა ლიდერმა, ჩემი ჩათვლით, არ უნდა დაივიწყოს ეს ფაქტი, როდესაც კლუბების 35% შენს აზრს არ იზიარებს. 20-25 დღეში შეიცვალა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კლუბის ფილოსოფია“, - დასძინა მან.

ტებასის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა. თუმცა, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პერესის ალტერნატივის გაჩენა და ასეთი მასშტაბური მხარდაჭერის მოპოვება მოკლე დროში, აქამდე წარმოუდგენელი იყო.