საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. გუნდი, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით, საბერძნეთის ნაკრებს მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს.
მატჩისწინა მზადება რთულ ვითარებაში მიმდინარეობს. ტრავმების გამო გუნდს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, თამარ ტატუაშვილი და გვანცა ქადაგიშვილი ვერ დაეხმარებიან.
მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა აღნიშნა, რომ გუნდი კადრების სიმცირეს განიცდის. „ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. რეალობა ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა, თუმცა ამ ციკლიდან მაინც უნდა დავინახოთ დადებითი მხარეები“, - განაცხადა ანტმანმა.
ანტმანის თქმით, ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მისცემს. „ერთ-ერთი მათგანი 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ. გოგონები ბევრს შრომობენ და ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას“, - დასძინა მწვრთნელმა.
საკუთარი მოსაზრება გააზიარა გუნდის შემტევმა, ნინი ბუხრიკიძემ. მან აღიარა, რომ მეტოქე ძლიერია და გასვლითი მატჩი წარუმატებელი იყო. „საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება“, - განაცხადა ბუხრიკიძემ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალი მატჩისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
- მეკარეები: თათია გაბუნია, სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი.
- დაცვა: მარიამ კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, ნათელა წოწერია, ლიზი მწყერაშვილი, მარიამ კაპანაძე, სოფიკო ნარსია.
- ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ანა პავლიაშვილი, ნატა კვირკვაია, კესო მეტონიძე, თინათინ ამბალია, ლიზი კანკია, მაიკო ბებია, ირინა ხაბურზანია, ანა ჩემინავა, ნინო ბუხრიკიძე, თეკლა ბერიძე, სოფი ხელაშვილი, ეთერ სულაშვილი, ელენე ბოლქვაძე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.