ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მუნდიალი

11 ივნისს ფეხბურთის სამყარო ოთხწლეულის მთავარ მოვლენას შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 19 ივლისამდე გასტანს, მასშტაბით ყველა წინამორბედს აჭარბებს. 1930 წელს ტურნირში მხოლოდ 13 გუნდი მონაწილეობდა, 2026 წელს კი ასპარეზობაში 48 ნაკრები ჩაერთვება.

ჯამში, სამ მასპინძელ ქვეყანაში 104 მატჩი გაიმართება. ფიფამ გაფართოების გადაწყვეტილება იმ ქვეყნების ჩართულობის გასაზრდელად მიიღო, რომლებიც აქამდე მსოფლიო პირველობებზე იშვიათად ხვდებოდნენ.

დებიუტანტები დიდ სცენაზე

ახალი ფორმატი საშუალებას აძლევს ნაკრებებს, რომლებიც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა რჩებოდნენ, საკუთარი ძალები მოსინჯონ. დებიუტანტებს შორის არიან კიურასაო, უზბეკეთი, იორდანია და კაბო-ვერდე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უზბეკეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც მცველი აბდულკოდირ ხუსანოვი გამოდის. მან მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო.

„უკანასკნელი ცეკვა“

2026 წლის მუნდიალი ეპოქის დასასრულია. ლეგენდარული ლიონელ მესი, რომელმაც უკვე ყველაფერი მოიგო, კარიერაში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ანალოგიური მოლოდინია 41 წლის კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებითაც, რომლისთვისაც მსოფლიო თასი კარიერის მთავარი დაუმორჩილებელი მწვერვალია.

ბოლო მუნდიალს ატარებენ ლუკა მოდრიჩი, მანუელ ნოიერი, მოჰამედ სალაჰი და კევინ დე ბრუინი. პარალელურად, ტურნირი პირველი იქნება ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი და ფლორიან ვირცი.

სიახლეები და ფინანსური გამოწვევები

მაღალი ტემპერატურის გამო, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ყველა მატჩში, ამინდის მიუხედავად, დაინიშნება ორი სამწუთიანი შესვენება წყლის დასალევად. ეს პაუზები მაუწყებლებს რეკლამების ჩვენების საშუალებას მისცემს.

ტურნირის მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილი გულშემატკივრებისთვის ლოჯისტიკურ გამოწვევად იქცა. მოგზაურობა საკმაოდ ძვირი ჯდება, რაც ბილეთების ფასებთან ერთად გულშემატკივართა უკმაყოფილებას იწვევს.

ბილეთების ფასები მერყეობს 380 დოლარიდან 4000 დოლარამდე, თუმცა გადამყიდველთა პლატფორმებზე ფინალის ბილეთები 2 მილიონ დოლარამდეც კი ადის. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები მოთხოვნის პირდაპირი ასახვაა.