Apple-მა App Store-ის ფუნქციონალი მნიშვნელოვნად განაახლა. კომპანიამ Worldwide Developers Conference-ზე (WWDC) გამოაცხადა, რომ აპლიკაციების აღმოჩენის პროცესი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ტოპ-ჩარტებსა და რედაქტორთა მიერ შერჩეულ კოლექციებზე.

ახალი სისტემა მომხმარებელს ინდივიდუალურად მორგებულ „პერსონალიზებულ კოლექციებს“ შესთავაზებს. სისტემა აპლიკაციებს მომხმარებლის აქტივობისა და გადმოწერების ისტორიის საფუძველზე შეარჩევს. თითოეულ რეკომენდაციას თან ახლავს ე.წ. „App Notes“, რომელიც განმარტავს, თუ რატომ შეირჩა კონკრეტული პროდუქტი მომხმარებლისთვის.

ახალი შესაძლებლობები დეველოპერებისთვის

ცვლილებები მხოლოდ მომხმარებლის ინტერფეისს არ ეხება. Apple-მა დეველოპერებს აპლიკაციების უკეთ წარმოჩენისთვის ახალი ინსტრუმენტები მისცა. მათ უკვე შეუძლიათ გამოიყენონ მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალები და ვიდეოები პროდუქტის გვერდებზე, რაც არსებული მომხმარებლების დაბრუნებასა და ახალი კონტენტის გაცნობას უწყობს ხელს.

Asset Library და აბონემენტების გაერთიანება

დეველოპერებს დაემატათ სპეციალური „Asset Library“, სადაც მარკეტინგული მასალების, აქციებისა და ივენთების ორგანიზებას შეძლებენ. გარდა ამისა, Apple-მა დაუშვა აპლიკაციების ბანდლერების (App Bundles) შექმნა სააბონემენტო ბიზნესისთვის.

ეს სიახლე საშუალებას აძლევს დეველოპერებს, გააერთიანონ რამდენიმე სააბონემენტო აპლიკაცია ერთ პაკეტში და შესთავაზონ მომხმარებელს შეღავათიან ფასად. ასევე დაემატა მრავალმომხმარებლიანი შესყიდვების ფუნქციონალი ორგანიზაციებისთვის.

გლობალური მასშტაბი

Apple-ის განცხადებით, ახალი პერსონალიზებული ფუნქციები თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია გეგმავს, დროთა განმავლობაში სისტემა სხვა რეგიონებსა და ენებზეც გაავრცელოს.